” ჭეშმარიტად, ადამიანი ბინძური მდინარეა.
ჭეშმარიტად, ზღვა უნდა იყო, ბინძური მდინარე შეიერთო და არ წაიბილწო.”
15 წელზე მეტი იყო, რაც ამ სახლში ცხოვრობდა. არავის შეეძლო ეთქვა, რამდენი წლის იყო, ან ის, რომ მას იცნობდა. ამან ცოტა არ იყოს გამაკვირვა, თუმცა გვიანღა მივხვდი, რომ თვით ისიც კი არ იცნობდა თავის თავს. არაა, არაა… აქ მე არ ვგულისხმობ თავის შეცნობასა და აღმოჩენას, რასაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ ახერხებს მთელი ცხოვრების მანძილზე, საქმე სხვაგვარად იყო. მან მცირეოდენი ინფორმაციაც კი არ იცოდა საკუთარ თავზე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, იმაზე მეტი ნამდვილად არ იცოდა, რაც მისმა უნიათო მეზობლებმა. ისინი მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობდნენ და მხრებს იჩეჩავდნენ, თავად უკვირდათ თითქოს, მეტი არაფრის თქმა რომ არ შეეძლოთ. დღემდე გაუგებარია, როგორ ცხოვრობდა ყოველგვარი სამსახურისა და შემოსავლების გარეშე, მითუმეტეს, რომ იმ მცირე საკითხთაგან ერთ-ერთი, რასაც მისი მეზობლები დარწმუნებით აცხადებდნენ, ის იყო, რომ არასოდეს შეუნიშნავთ მის გვერდით მამაკაცი (ბოლო ორ კვირას თუ გამორიცხავდნენ) და არამარტო მამაკაცი, არცერთი სხვა სულიერი, მოყავისფრო-მოწითალო კატის გარდა. ასევე სარწმუნო ცნობები იყო : ქალი ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადიოდა სახლიდან და დაახლოებით საათნახევარ-ორ საათში ბრუნდებოდა, ფანჯრები მუდამ დაკეტილი ჰქონდა და ზაფხულში, მხოლოდ შუაღამეს თუ გამოაღებდა ხოლმე, ამ უკანასკნელს ახალგაზრდა ბიჭი გვიმტკიცებდა, რომელსაც თურმე ზაფხულობით უძილობა სტანჯავდა და აივანზე გამოსულს ხშირად უნახავს, გაღებულ ფანჯარასთან მჯდომი მისი მეზობელი, ჰაეროვან სარაფანითა და სიგარეტით, ფანჯრის რაფაზე მჯდომი, საათობით და გაუნძრევლად. მეზობლებთან ერთ სიტყვაზე მეტი არასოდეს უთქვამს, ეს ერთი სიტყვა მისალმება იყო და როგორც თავად აცხადებენ, ისეთი – მთელ სულს გაგითბობდა, გაგრძნობინებდა, მთელი გულით რომ იყო ნათქვამი და ყოველგვარ მოკითხვასა და საათობით ლაპარაკს სჯობდა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ამ მისალმებას არასოდეს მოჰყოლია სხვა სიტყვები, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე – ნაჩქარევად წარმოთქმული მოკითხვა და პასუხის დროს უკვე კარგა შორს წასული ნაცნობი ან საათობით სიტყვების უაზრო რახარუხი.
მე ის ამ ამბიდან ორი კვირის წინ გავიცანი. მეზობლებს არც ეს გამოპარვიათ და ადასტურებენ, რომ ბოლო ორი კვირა უცნაურად იქცეოდა, უფრო სწორად კი მისთვის უცნაურად, თორემ ჩვეულებრივ, ის არავის უკვირს ახალგაზრდა ქალი დროის უმეტეს ნაწილს გარეთ რომ ატარებდეს. ასევე, ბოლო მოუღო ფანჯრის ჩაკეტვისა და მხოლოდ შუაღამეს გაღების ტრადიციას და მის საყვარელ კატასაც, ცოტა არ იყოს მოაკლო ყურადღება.
___________________________________________________
ყურადღება მაშინვე მიიპყრო, როგორც კი შემოვიდა. შევხედე თუ არა ვიფიქრე, ორმოცდაათიანი წლების მოდის ჟურნალიდან არის გადმოსულითქო. ვიწრო წელი და მუხლს ქვემოთ გაშლილი, ყვავილებიანი კაბა ეცვა, ფეხსაცმელი 3-2 სანტიმეტრამდე ქუსლით და უბრალო ჩანთა, გვერდზე მოკიდებული; გრძელი, ჩალისფერი თმა წელმდე და არც ერთი ზედმეტი დეტალი. ყურადღებას თავისი უბრალოებით იქცევდა და ყოველ მოძრაობაზე შეამჩნევდით, რომ ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც სიკვდილი ურჩევნიათ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. ჩემგან მესამე მაგიდასთან დაჯდა და წითელი ღვინო მოითხოვა. ცოტა ხანი ვათვალიერე და გადავწყვიტე მივსულიყავი. ჩემი მისვლა არ გაკვირვებია, გამიღიმა და პირდაპირ მითხრა “ამ ღამეს ერთად გავატარებთო”. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა, ორი წამით გავშეშდი და მერე ჩემი თავი დავარწმუნე, ეს აღელვება მისთან არ შემემჩნია, მაგრამ როგორც კი შევხედე მივხვდი, მიუხედავად იმისა, ჩემთვის არც შემოუხედავს, მშვენივრად იცოდა რასაც ვგრძნობდი. ის იყო თავი მოვთოკე და საუბრის დაწყებას ვაპირებდი, რომ ცარიელი ღვინის ჭიქა გვერდით გაწია, ჩანთიდან პასტა და ფურცელი ამოიღო, მისამართი დამიწერა და მითხრა: “თორმეტის მერე დაგელოდები, ნახვამდის.” უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა ჩემი თავისთვის და ბოლოს გადავწყვიტე დამეჯერებინა, რომ უბრალოდ გამიმართლა.
იოლი როდი იყო თავის შეკავება, იმ წუთიდან, როდესაც ის დავინახე, მაგრამ მის კარებთან მდგომს, რაღაც საოცარი სიშვიდე დამეუფლა და ერთადერთი, რაც მთელი გულით მინდოდა ის იყო, მას თავი კარგად ეგრძნო. კარები გამიღო და უსიტყვოდ შემიშვა სახლში. მისი კატა გაკვირვებული მათვალიერებდა, თუმცა რა გასაკვირია, პატრონის გარდა სხვა არც არავინ ენახა ამ სახლში. მას ისევ გრძელი კაბა ეცვა, თმები მაღლა აეწია და საოცრად ესთეტიურად მოძრაობდა.ყვავილები გამომართვა, მადლობა მომიხადა და იქვე, კუთხეში მაგიდაზე მდგარ ლარნაკში ჩააწყო. შემდეგ თვალით მანიშნა სავარძელზე დაჯექიო, მე დავემორჩილე. რამოდენიმე წამში თვითონაც მოვიდა, ჩემს წინ დაჯდა. საფერფლე წინ დაიდო და სიგარეტს მოუკიდა. “ეს რა მადრიგალი დამატყდა თავს” წარმოვთქვამ გონებაში და არ ვიცი როგორ მოვიქცე. ის კი წყნარად ზის სავარძელში და ამ უხერხული სიტუაციისა და თითოეული ნაფაზით სიამოვნებას განიცდის.
– ცხოვრება, უბრალოდ მეტად გადატვირთულია სიურპრიზებით.
– არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.
– მე არა ევანსს!
– უკაცრავად?
– არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ევანსს, ეს მისი სიტყვებია.
– ჰო, რათქმაუნდა – ვგრძნობ უხერხულობა როგორ ედება მთელ ჩემს სხეულს და მიკვირს, არასოდეს მიგვრძნია მსგავსი რამ ქალის გამო.
ფიქრები და უხერხულობა, უკვალოდ გაქრა რამოდენიმე წამში, როდესაც ის მოვიდა, მომეხვია და ყურში ჩამჩურჩულა: “ჩემი სახელია გაიანე, ვფიქრობ, საჭიროა იცოდე”… შემდეგ ყველაფერი იყო, ესთეტიკური და სასიამოვნო, და ეს ყველაფერი ყველაზე საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდესმე მომხდარა.
ასე გაგრძელდა ერთი კვირა. ერთმანეთს დღე გარეთ ვხვდებოდით, ღამის კი მუდამ ერთად ვატარებდით. იშვიათად ვლაპრაკობდით, ხანდახან საერთოდ არა. საკუთარ თავზე არასდროს არაფერი უთქვამს, როდესაც კითხვას დავუსმევდი, მხრებს აიჩეჩავდა და მეტყოდა :
– მე მართლა არაფერი არ ვიცი…
– არსებობს ვინმე სულიერი ვინც ეს იცის?
– სულიერი… არავინ.
მაშინ ვხვდებოდი, რომ მისსავე შემნილ ჩარჩოს არავისგამო დაშლიდა, არავის შეუშვებდა, არავის მისცემდა უფლებას იგი წაებილწა. დღითიდღე იზრდებოდა მისდამი ჩემი პატივისცემა და საბოლოოდ, იმ უამრავი კითხვიდან რაც მის მიმართ გამაჩნდა, მხოლოდ ერთი მაწუხებდა, “რატომ მაინცდამაინც მე”.
კვირის ბოლოს, მასთან მისულს ახალი ამბავი დამხვდა: ” ჩვენ ამ ღამეს, უკანასკნელად ვნახავთ ერთმანეთს”. ახლაც მიკვირს, როგორ არ დამეუფლა პროტესტის გრძნობა და რატომ არ ვეცადე შევწინააღმდეგებოდი, თუმცა მისი ნათქვამი უკვე აუცილებლობად ჟღერდა და ვიგრძენი, როგორი უსუსური ვიყავი ამ ნაზი არსების მიმართ, რომელსაც შეეძლო ისე ვემართე, როგორც გაუხარდებოდა, თუმცა იმის სურვილი, რომ ჩემზე გაბატონებულიყო მისთვის არასოდეს შემიმჩნევია. ყველაფერი რაც ხდებოდა, გაცნობიდან დღემდე, მხოლოდ მისთვის იყო, თუმცა ასევე მაკვირვებდა ის ფაქტი, როგორ ცდილობდა მიუხედავად ამ ყველაფერისა მე გული არ მტკენოდა, ცუდად არ მომქცეოდა. ბევრს აღარ გავაგრძელებ, იმ ღამის მერე არ მინახავს და ცხოვრებაც ჩვეული რიტმით გავაგძელე. ეს ყველაფერი კი ლამაზ ზღაპრად დავტოვე, ან როგორც ევანსი იტყოდა ცხოვრების სიურპრიზად. თუმცა ცხოვრება რისი ცხოვრებაა, ყველაფერი ისე რომ დატოვოს, როგორც ჩვენ გვინდა. ზღაპრულმა სიურპრიზმა როტაცია განიცადა და სულ მალე ყველაზე უსიამოვნო სიურპრიზად იქცა.
სუიციდის შემთხვევის გამოძიება მე დამევალა. შემთხვევის ადგილზე მისულს, იმ სახლის ზღურბლთან, სადაც წინა კვირას ყოველ ღამე, 12ის მერე ვიდექი, ერთადერთი გრძნობა დამეუფლა, არც სინანული, არც შიში და არც მწუხარება ეს არ იყო. ვგრძნობდი, რომ მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო, როგორც ახლა, ისე ერთი კვირის წინ და სხეულში შემოჭრილი უსუსურობის განცდა თითოეულ ორგანოს მოედო, ბოლოს კი გულთან მოიყარა თავი და თითქოს მის განადგურებას ცდილობსო, ისე შეამოასო საშინელი კლანჭები. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი შემართებით შევუდექი სამუშაოს, იმ იმედით, რომ იმაზე მეტს გავიგებდი, რასაც ეზოში შეკრებილი მეზობლები ან თუნდაც გაიანე ამბობდა. ყველაფერი მხოლოდ სუიციდისკენ მიუთითებდა სხვა ვერსია არც გამოძიების დაწყებამდე და არც მის დამთავრებამდე არ არსებობდა. ჩემი მიზანი ამჯერად მხოლოდ ის იყო, გამეგო რატომ გადაწყვიტა ამის გაკეტება ქალმა, რომელიც არაფერს გააკეთებდა გაუაზრებლად, მითუმეტეს კი ასეთ რამეს.
სახლის დეტალურად დათვალიერების შემდეგ, სქელი ძველი ბლოკნოტი ვიპოვნე. გადავშალე და მწარედ გამეღიმა. დღიური იყო და პირველივე ფურცელზე ეწერა: “დღეს ჩემი მეთექვსმეტე დაბადების დღეა”. რაც იფიქრებდა ამ დროს, რომ ოდესმე ცხოვრებას ასე დაასრულებდა ვთქვი და ბლოკნოტი ჩანთაში ჩავიდე.
სახლში მისული ისევ გაიანეს დღიურს მივუბრუნდი. თვალი გადავავლე და როგორც აღმოჩნდა, ეს დღიური მოიცავდა საკმაოდ დიდ ინფორმაციას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მის ცხოვრებას 16 წლიდან დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაძუნწობას იჩენდა, ყველაფერი მნიშვნელოვანი ეწერა, თუნდაც ორი სამი წინადადებით. არეული ჩანაწერები იყო. იყო მომენტები, როდესაც ერთი ჩანაწერიდან მეორემდე თვეები იყო გასული, ან რამდენიმე წელი. როგორც გავიგე დედა 17 წლისას გარდაცვლოდა და უკრაინელ მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. უმეტესად დღიურში ცნობილი ფილოსოფოსებისა და მწერლების გამონათქვამები ეწერა. ყორადღება მიიქცია შემდეგმა ჩანაწერმა, რომელშიც როგორც დათარიღებიდან ჩანს 20 წლის იყო : ” დილაუთენია დაგვადგა დღეს თავზე კახა, გივის ძმაკაცი ( მამინაცვლის), ხელში არყის ბოთლით და ყურში სიგარეტით. ჩემი მოკლე შორტებითა და გამჭირვალე მაიკით სურვილებაღძრულმა გვიანღა შეამჩნია, მისკენ ზიზღის გამომხატველი ჩემი მზერა და მისაღებისაკენ წაბანცალდა. იდეალური დილის დასაწყისი იყო ვერაფერს იტყვი. გივიმ გამომძახა ჭიქები მოიტანე გოგოო და როგორც ჩვეოდათ, მეტად “საინტერესო” და “ზრდილობიანი” საუბარი დაიწყეს ძმაკაცებმა.მთელი არსებით მიკვირს, მხოლოდ ორი რამ, როგორ ცხოვრობდა დედაჩემი ამ კაცთან და როგორ შემიძლია დავიტიო ამდენი სიძულვილი მის მიმართ. ჭიქები მივუტანე და მაღაზიაში ჩავედი. სახლში, რომ ვბრუნდებოდი, წინ სამი გოგო მოდიოდა, გვერდით რომ გამიარეს, რადგანაც იმხელა ადგილი არ იყო, რომ ოთხივეს თავისუფლად გაგვევლო, ლამის კედელზე ამაკრეს და თამამი, გამომწვევი სიცილით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით გააგრძელეს გზა. იმ წამს შევიგრძენი სრულად ჩემი არარაობა, თუმცა ნიცშემ არ მაცადა ჩემი თავის შეცოდება და გონებაში ამომიტივტივდა ფრაზა ” მათ სიცილში ყინულია”, რამოდენიმე წამის შემდეგ უკვე ისინი მეცოდებოდნენ, საკუთარი თავის მაგივრად. ახლა როდესაც ამას ვწერ მეღიმება, ნიცშეს რომ არ დაეწერა ეს, ალბათ მე თვითონ მოვიფიქრებდი, რამენაირად რომ დამეიმედებინა ჩემი თავი და თვალები ამეხვია, არ დამენახა ის სინამდვილე, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს ახლა ისინი მეცოდებიან, ყველაფერს გავცემდი, რომ თუნდაც მათსავით შემეძლოს გაცინება და არა კედელზე აკრული დაჩაგრული გოგო ვიყო.”
ბლოკნოტში ამოხეული ფურცლები შევნიშნე, შემდეგი ჩანაწერი კი, უკანასკნელიდან 5 წლის შემდეგ, ანუ როდესაც გაიანე უკვე 25 წლის იყო, იმ დროსაა დაწერილი. საუბარია შვილზე, რომელიც ინკლუზიურ ბავშვთა სახლში ჰყოლია. ამ ამბავმა შემძრა. გაიანე ყვებოდა, რომ აბსოლიტურად ყველაფერი უნდა დაევიწყებინა, შვილის გარდა. უნდა დაევიწყებინა წარსული, მკვდარი დედაც და მისი შვილის მამაც, რომლის გახსენებაც გულს ურევდა. შვილის დავიწყების უფლება კი უბრალოდ არ ჰქონდა, ამას ვერ შეძლებდა. ამის მერე იყო სულ ბოლო ჩანაწერი, დაახლოებიტ სამი კვირის წინანდელი, სადაც წერდა, რომ თუკი არსებობს ღმერთი, იგი ყველაზე იჰიდნური არსება ყოფილა. “მე ვაპირებ სრულ პოსტმოდერნიზაციას… 2 კვირით. მერე კი, მერე კი გავიგებ არის თუ არა ღმერთი და როგორია ის. საინატერესოა, მან მე ყველაფერი მომცა იმისათვის, რომ ჩემი სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულო. მან იცის ისიც, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ვცდილობ ეს არ გავაკეთო და ყველაფერი დავივიწყო, რაც ასე ძლიერ მიბიძგებს სუიციდისკენ. მან კი მე არ მომცა ძალა, იმის, რომ ეს დავივიწყო და თუ განუზომლად დიდია მისი ძალა, თუ მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას დამავიწყოს ეს ყველაფერი და მას უყვარს ხალხი, რატომ არ უდნა აკეთებდეს ამას ჩემთვის… სისულელეა, ისევ და ისევ, საკუთარ იჰიდნურობას ამტკიცებს. “შეჭმარიტად, ადამიანი ბინუძრი მდინარეა. ჭეშმარიტად, ზღვა უდნა უნდა იყო, ბინძური მდინარე შეიერთო და არ წაიბილწოო”. ცხოვრებაში, უამრავჯერ შევიერთე ეს ბინძური მდინარე, ბუნძური ხალხი, ბინძური სისხლიც კი, რომლის სუნიც ახლაც მცემს საკუთარი ხელებიდან, საკუთარი სხეულიდან. ვკითხულობ, სად არის ღმერთის განუზომელი ძალა, როდესაც იცის, რომ მე არ ვიყავი დამნაშავე მკვლელობაში, მაგრამ ამ გრძნობას არ მაშორებს… ვფიქრობ,ცოტახნით ვიცხოვრებ, ვიცხოვრებ რადგანაც მაქვს უფლება ამის, ვიცხოვრებ იმ მოგონებების გარეშე, რაც მეგონა მოვიშორე და დავივიწყე, მაგრამ შვილის სიკვდილმა კვლავ გამახსენა, კვლავ გამახსენა უფლის “კეთილმა” ნებამ. შვილის, რომლის მამაც ჩემი მამინაცვალია, შვილის, რომლის დანახვაზეც თავდაპირველად მუდამ ტკივილს ვგრძნობდი, ფიზიკურ ტკივილს, როგორც მაშინ, იმ საღამოს… ის, რომ ძალადობით ისახებოდა, იმ საღამოს მისი მამის უკანასკნელი ხმაურიანი ამოსუნთქვა რომ მედგა ყურებში, იმ საღამოს, ჩემი გაუბედურებული ცხოვრება კიდევ უფრო რომ გაუბედურდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ის ისეთი უბოროტო იყო, მაკვირვებდა კიდეც. დაუნის სინდრომით დაიბადა და როდესაც მას ვუყურებდი, ვგრძნოდი ასე ჯობდა, რადგანაც ის ვერასოდეს ჩაწვდებოდა ამ ცხოვრების სიმწარესა და უსამართლობაც, არასოდეს ავუხსნიდი ვინ იყო მამამისი და არ მომიწევდა ამის შესახებ ტყუილების გამოგონება. ბავშვთა სახლში იზრდებოდა და ერთი სული მქოდნა როდის ვნახავდი ხოლმე, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. წყნარი ცხოვრება მქონდა და მივიჩნევდი, რაც ცუდი უნდა მომხდარიყო, ყველაფერი უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და შემეძლო მოგონებებისა და შიშის გარეშე მეცხოვრა. თუმცა არა, არ დამცალდა. შვილი მომიკვდა, მომიკვდა და ყველაფერი გამახსენდა, რის დავიწყებასაც ამდენ ხანს ვცდილობდი და მეგონა გამომივიდა. მთელი ცხოვრება არავისთვის არაფერი დამიშავებია, არ მინდოდა ადამიანების სიძულვილი გამჯდარიყო ჩემში, არ მინდოდა ცხოვრების მწარე გაკვეთილებს წავებილწე, თუმცა ალბათ ვერ აღმოვჩნდი “ზღვა”, რომ ამდენი “ბინძური მდინარე შემეერთებინა” და მაინც ისეთი დავრჩენილიყავი, როოგრიც ადრე ვიყავი, იმდენად ადრე, აღარც კი მახსოვს…. ორი კვირა ვიცხოვრებ და მერე პირადად გაგეცნობი ალბათ თუ არსებობ, მე არ მექნება სინანული, მე არ ვიტირებ და უბრალოდ წარვსდგები შენს წინაშე ქალი, რომელმაც მაქსიმალური გადაიტანა; ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ტანჯე; ქალი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა; ქალი, რომლის სულიც იმაზე ადრე მოკვდა, ვიდრე სხეული და მას აღარაფრის ეშინია… ”
____________________________________
ღამე მწუხარებამ გამაღვიძა. ვერაადავერ დავიძინე. გული საშინლად მტკიოდა. ვფიქრობდი გაიანეს ტრაგიკულ ცხოვრებაზე და ვერავითარ დასკვნებს ვერ ვაკეთებდი. ვფიქრობდი, როგორ შეეძლო დაეტია ამ ერთი შეხედვით დაუცველ, სიფრიფანა ქალს ამდენი. რა განუზომლად დიდი იყო ადამიანთა ვერაგობა და გამახსენდა ნიცშეს, გაიანეს ნიცშეს ნათქვამი, რომ “ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია.”, მაგრამ ღმერთი, ნუთუ… ნუთუ, “ღმერთი მოკვდა” ?…