RSS

ლიდერი ქალი – ლეილა აფციაური

   ” სიბერეში არაფერი მოქმედებს ისე დამამშვიდებლად , როგორც იმისი განცდა, რომ მთელი შენი ახალგაზრდული ძალები ისეთ საქმეს შეალიე , რომელიც არასოდეს დაბერდება “


დაბადების ადგილი – რუსთავი. პროფესია – პედაგოგი. უკვე წარმატებული და შემდგარი ქალბატონი, რომელიც ახლაც არ სწყვეტს  სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობას თუ ამ აქტივობების  დაგეგმვასა და ორგანიზებას. გასახსენებელი აქტივობები კი მართლაც ბევრია: საქალაქო საქველმოქმედო საშობაო, სააღდგომო აქციები, საყმაწვილო ალმანახის გამოცემა, გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავის გახსნა… ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და რუსთაველმა ხალხმაც, თავისმხრივ დაუფასა ამ ენერგიულ, მზრუნველ და მიზანდასახულ ქალბატონს ეს ყოველივე – ტიტული “რუსთაველების სამსახურში” ხომ სწორედ რუსთაველების გამოკითხვის შემდეგ ერგო წილად და საკმაოდ დამსახურებულადაც.

თუმცა… თუმცა, აქამდე იყო გზა – გრძელი და ეკლიანი. გზა აღსავსე დაბრკოლებებით, ცხოვრებისეული სიუპრიზებითა და  მოულოდნელობებით. თუმცა არ შეშინებულა, არ დანებებულა…
  ” დაბრკოლება ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ყველაფერ ამას პოზიტიურად უნდა შეხედო. განა ცხოვრებაში ასე არ არის? სავსეა დაბრკოლებებით, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ ცხოვრებას. ყოველი დღე ჩვენთვის სერიოზული გაკვეთილი უნდა იყოს.
ყოველ დღე უნდა ისწავლო. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რას აკეთებ – უნდა ისწავლო”

ამბობს, რომ წარმატების საწინდარი – მიზანი და პასუხისმგებლობაა; პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება კი – უმნიშვნელოვანესი.
… და რაც მნიშვნელოვანია, უნდა გჯეროდეს!  პატივს უნდა სცემდე იმას, რასაც აკეთებ. უნდა გიყვარდეს ადამიანები, მაგრამ იყო სამართლიანი, პრინციპული და მომთხოვნი, როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ”

 
ალბათ, სწორედ ამ პრინციპულობამ, სამართლიანობამ და მომთხოვნობამ შეაძლებინა სუსტი სქესის წარმომადგენლად წოდებულს, ისეთი  საქმეების გაკეთება, რასაც ყველაზე მეტად პიროვნული სიძლიერე სჭირდება. ფიქრობს, რომ აქვს ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები, ხოლო ამ თვისებებში თავად გონიერების, სამართლიანობისა და პასუხისმგებლობათან ერთად, ჭეშმარიტი ღირებულებების ქონას მოიაზრებს.  სხვებს კი ურჩევს, საკუთარ თავში ლიდერის აღმოსაჩენად დაისახონ მიზანი და დაიწყონ მისკენ სვლა. ” თუ შეძლებ საკუთარი თავის მართვას, სხვების მართვაც არ გაგიჭირდება”.
” უვიცებად რჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ასეთებად დარჩენა გადაუწყვეტიათ ”

თავად აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში და მიიჩნევს , რომ ქალის როლი პოლიტიკაში შეუცვლელია. “ქალს შეუძლია პოლიტიკაში – დიპლომატია, ჰუმანურობა თუ მოთმინება- მამაკაცზე უკეთ!”
თუმცა მიიჩნევს, რომ დღეს, არ აქვთ ქალებს მოტივაცია იყვნენ აქტიურები, რომ ყოფამ წაიღო მათი ენერგია და უნარები. პოლიტიკურ პარტიებს კი მოუწოდებს, ეცადონ მათ რიგებში იყო მეტი ქალი.


… და ბოლო, კითხვაზე :
როგორ ფიქრობ ლიდერებად იბადებიან თუ ყალიბდებიან ცხოვრებისეული გამოცდილებების შემდეგ?”
გვპასუხობს:
” ზოგი იბადება ლიდერად, მაგრამ ვერ ახერხებს თავის რეალიზებას, ზოგი კი თავს იყალიბებს ასეთად.
ადამიანებს ყოველთვის გვაქვს არჩევანის უფლება და რას ავირჩევთ ეს დამოკიდებულია ჩვენს გონებაზე, გულზე განათლებაზე,მენტალიტეტსა და ღირებულებებზე”.

ასე, რომ არჩევანი შენზეა ! 
” უუქმობა უფრო ღლის ადამიანს ვიდრე ჯაფა და შრომა ”  და ” უბედურია ის, ვისაც არ ესმის ბედნიერება ქველმოქმედებისა და მადლის ქმნისა. ”

 
Leave a comment

Posted by on March 15, 2015 in Uncategorized

 

ბინძური მდინარე

” ჭეშმარიტად, ადამიანი ბინძური მდინარეა. 
  ჭეშმარიტად, ზღვა უნდა იყო, ბინძური მდინარე შეიერთო და არ წაიბილწო.”

15 წელზე მეტი იყო, რაც ამ სახლში ცხოვრობდა. არავის შეეძლო ეთქვა, რამდენი წლის იყო, ან ის, რომ მას იცნობდა. ამან ცოტა არ იყოს გამაკვირვა, თუმცა გვიანღა მივხვდი, რომ თვით ისიც კი არ იცნობდა თავის თავს. არაა, არაა… აქ მე არ ვგულისხმობ თავის შეცნობასა და აღმოჩენას, რასაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ ახერხებს მთელი ცხოვრების მანძილზე, საქმე სხვაგვარად იყო. მან  მცირეოდენი ინფორმაციაც კი არ იცოდა საკუთარ თავზე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, იმაზე მეტი ნამდვილად არ იცოდა, რაც მისმა უნიათო მეზობლებმა. ისინი მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობდნენ და მხრებს იჩეჩავდნენ, თავად უკვირდათ თითქოს, მეტი არაფრის თქმა რომ არ შეეძლოთ. დღემდე გაუგებარია, როგორ ცხოვრობდა ყოველგვარი სამსახურისა და შემოსავლების გარეშე, მითუმეტეს, რომ იმ მცირე საკითხთაგან ერთ-ერთი, რასაც მისი მეზობლები დარწმუნებით აცხადებდნენ, ის იყო, რომ არასოდეს შეუნიშნავთ მის გვერდით მამაკაცი (ბოლო ორ კვირას თუ გამორიცხავდნენ)  და არამარტო მამაკაცი, არცერთი სხვა სულიერი, მოყავისფრო-მოწითალო კატის გარდა. ასევე სარწმუნო ცნობები იყო : ქალი ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადიოდა სახლიდან და დაახლოებით საათნახევარ-ორ საათში ბრუნდებოდა, ფანჯრები მუდამ დაკეტილი ჰქონდა და ზაფხულში, მხოლოდ შუაღამეს თუ გამოაღებდა ხოლმე, ამ უკანასკნელს ახალგაზრდა ბიჭი გვიმტკიცებდა, რომელსაც თურმე ზაფხულობით უძილობა სტანჯავდა და აივანზე გამოსულს ხშირად უნახავს, გაღებულ ფანჯარასთან მჯდომი მისი მეზობელი, ჰაეროვან სარაფანითა და სიგარეტით, ფანჯრის რაფაზე მჯდომი, საათობით და გაუნძრევლად. მეზობლებთან ერთ სიტყვაზე მეტი არასოდეს უთქვამს, ეს ერთი სიტყვა მისალმება იყო და როგორც თავად აცხადებენ, ისეთი – მთელ სულს გაგითბობდა, გაგრძნობინებდა, მთელი გულით რომ იყო ნათქვამი და ყოველგვარ მოკითხვასა და საათობით ლაპარაკს სჯობდა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ამ მისალმებას არასოდეს მოჰყოლია სხვა სიტყვები, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე – ნაჩქარევად წარმოთქმული მოკითხვა და პასუხის დროს უკვე კარგა შორს წასული ნაცნობი ან საათობით სიტყვების უაზრო რახარუხი.
მე ის ამ ამბიდან ორი კვირის წინ გავიცანი. მეზობლებს  არც ეს  გამოპარვიათ და ადასტურებენ, რომ ბოლო ორი კვირა უცნაურად იქცეოდა, უფრო სწორად კი მისთვის უცნაურად, თორემ ჩვეულებრივ, ის არავის უკვირს ახალგაზრდა ქალი დროის უმეტეს ნაწილს გარეთ რომ ატარებდეს. ასევე, ბოლო მოუღო ფანჯრის ჩაკეტვისა და მხოლოდ შუაღამეს გაღების ტრადიციას და მის საყვარელ კატასაც, ცოტა არ იყოს მოაკლო ყურადღება.
___________________________________________________
ყურადღება მაშინვე მიიპყრო, როგორც კი შემოვიდა.  შევხედე თუ არა ვიფიქრე, ორმოცდაათიანი წლების მოდის ჟურნალიდან არის გადმოსულითქო. ვიწრო წელი და მუხლს ქვემოთ გაშლილი, ყვავილებიანი კაბა ეცვა, ფეხსაცმელი 3-2 სანტიმეტრამდე ქუსლით და უბრალო ჩანთა, გვერდზე მოკიდებული; გრძელი, ჩალისფერი თმა წელმდე და არც ერთი ზედმეტი დეტალი. ყურადღებას თავისი უბრალოებით იქცევდა და ყოველ მოძრაობაზე შეამჩნევდით, რომ ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც სიკვდილი ურჩევნიათ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. ჩემგან მესამე მაგიდასთან დაჯდა და წითელი ღვინო მოითხოვა. ცოტა ხანი ვათვალიერე და გადავწყვიტე მივსულიყავი. ჩემი მისვლა არ გაკვირვებია, გამიღიმა და პირდაპირ მითხრა “ამ ღამეს ერთად გავატარებთო”. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა, ორი წამით გავშეშდი და მერე ჩემი თავი დავარწმუნე, ეს აღელვება მისთან არ შემემჩნია, მაგრამ როგორც კი შევხედე მივხვდი, მიუხედავად იმისა, ჩემთვის არც შემოუხედავს, მშვენივრად იცოდა რასაც ვგრძნობდი. ის იყო თავი მოვთოკე და საუბრის დაწყებას ვაპირებდი, რომ ცარიელი ღვინის ჭიქა გვერდით გაწია, ჩანთიდან პასტა და ფურცელი ამოიღო, მისამართი დამიწერა და მითხრა: “თორმეტის მერე დაგელოდები, ნახვამდის.” უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა ჩემი თავისთვის და ბოლოს გადავწყვიტე დამეჯერებინა, რომ უბრალოდ გამიმართლა.
იოლი როდი იყო თავის შეკავება, იმ წუთიდან, როდესაც ის დავინახე, მაგრამ მის კარებთან მდგომს, რაღაც საოცარი სიშვიდე დამეუფლა და ერთადერთი, რაც მთელი გულით მინდოდა ის იყო, მას თავი კარგად ეგრძნო. კარები გამიღო და უსიტყვოდ შემიშვა სახლში. მისი კატა გაკვირვებული მათვალიერებდა, თუმცა რა გასაკვირია, პატრონის გარდა სხვა არც არავინ ენახა ამ სახლში. მას ისევ გრძელი კაბა ეცვა, თმები მაღლა აეწია და საოცრად ესთეტიურად მოძრაობდა.ყვავილები გამომართვა, მადლობა მომიხადა და იქვე, კუთხეში მაგიდაზე მდგარ ლარნაკში ჩააწყო. შემდეგ თვალით მანიშნა სავარძელზე დაჯექიო, მე დავემორჩილე. რამოდენიმე წამში თვითონაც მოვიდა, ჩემს წინ დაჯდა. საფერფლე წინ დაიდო და სიგარეტს მოუკიდა. “ეს რა მადრიგალი დამატყდა თავს” წარმოვთქვამ გონებაში და არ ვიცი როგორ მოვიქცე. ის კი წყნარად ზის სავარძელში და ამ უხერხული სიტუაციისა და თითოეული ნაფაზით სიამოვნებას განიცდის.
– ცხოვრება, უბრალოდ მეტად გადატვირთულია სიურპრიზებით.
– არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.
– მე არა ევანსს!
– უკაცრავად?
– არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ევანსს, ეს მისი სიტყვებია.
– ჰო, რათქმაუნდა – ვგრძნობ უხერხულობა როგორ ედება მთელ ჩემს სხეულს და მიკვირს, არასოდეს მიგვრძნია მსგავსი რამ ქალის გამო.
ფიქრები და უხერხულობა, უკვალოდ გაქრა რამოდენიმე წამში, როდესაც ის მოვიდა, მომეხვია და ყურში ჩამჩურჩულა: “ჩემი სახელია გაიანე, ვფიქრობ, საჭიროა იცოდე”… შემდეგ ყველაფერი იყო, ესთეტიკური და სასიამოვნო, და ეს ყველაფერი  ყველაზე საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდესმე მომხდარა.
ასე გაგრძელდა ერთი კვირა. ერთმანეთს დღე გარეთ ვხვდებოდით, ღამის კი მუდამ ერთად ვატარებდით. იშვიათად ვლაპრაკობდით, ხანდახან საერთოდ არა. საკუთარ თავზე არასდროს არაფერი უთქვამს, როდესაც კითხვას დავუსმევდი, მხრებს აიჩეჩავდა და მეტყოდა :
– მე მართლა არაფერი არ ვიცი…
– არსებობს ვინმე სულიერი ვინც ეს იცის?
– სულიერი… არავინ.
მაშინ ვხვდებოდი, რომ მისსავე შემნილ ჩარჩოს არავისგამო დაშლიდა, არავის შეუშვებდა, არავის მისცემდა უფლებას იგი წაებილწა. დღითიდღე იზრდებოდა მისდამი ჩემი პატივისცემა და საბოლოოდ, იმ უამრავი კითხვიდან რაც მის მიმართ გამაჩნდა, მხოლოდ ერთი მაწუხებდა, “რატომ მაინცდამაინც მე”.
კვირის ბოლოს, მასთან მისულს ახალი ამბავი დამხვდა: ” ჩვენ ამ ღამეს, უკანასკნელად ვნახავთ ერთმანეთს”. ახლაც მიკვირს, როგორ არ დამეუფლა პროტესტის გრძნობა და რატომ არ ვეცადე შევწინააღმდეგებოდი, თუმცა მისი ნათქვამი უკვე აუცილებლობად ჟღერდა და ვიგრძენი, როგორი უსუსური ვიყავი ამ ნაზი არსების მიმართ, რომელსაც შეეძლო ისე ვემართე, როგორც გაუხარდებოდა, თუმცა იმის სურვილი, რომ ჩემზე გაბატონებულიყო მისთვის არასოდეს შემიმჩნევია. ყველაფერი რაც ხდებოდა, გაცნობიდან დღემდე, მხოლოდ მისთვის იყო, თუმცა ასევე მაკვირვებდა ის ფაქტი, როგორ ცდილობდა მიუხედავად ამ ყველაფერისა მე გული არ მტკენოდა, ცუდად არ მომქცეოდა. ბევრს აღარ გავაგრძელებ, იმ ღამის მერე არ მინახავს და ცხოვრებაც ჩვეული რიტმით გავაგძელე. ეს ყველაფერი კი ლამაზ ზღაპრად დავტოვე, ან როგორც ევანსი იტყოდა ცხოვრების სიურპრიზად. თუმცა ცხოვრება რისი ცხოვრებაა, ყველაფერი ისე რომ დატოვოს, როგორც ჩვენ გვინდა. ზღაპრულმა სიურპრიზმა როტაცია განიცადა და სულ მალე ყველაზე უსიამოვნო სიურპრიზად იქცა.
სუიციდის შემთხვევის გამოძიება მე დამევალა. შემთხვევის ადგილზე მისულს, იმ სახლის ზღურბლთან, სადაც წინა კვირას ყოველ ღამე, 12ის მერე ვიდექი, ერთადერთი გრძნობა დამეუფლა, არც სინანული, არც შიში და არც მწუხარება ეს არ იყო. ვგრძნობდი, რომ მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო, როგორც ახლა, ისე ერთი კვირის წინ და სხეულში შემოჭრილი უსუსურობის განცდა თითოეულ ორგანოს მოედო, ბოლოს კი გულთან მოიყარა თავი და თითქოს მის განადგურებას ცდილობსო, ისე შეამოასო საშინელი კლანჭები. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი შემართებით შევუდექი სამუშაოს, იმ იმედით, რომ იმაზე მეტს გავიგებდი, რასაც ეზოში შეკრებილი მეზობლები ან თუნდაც გაიანე ამბობდა. ყველაფერი მხოლოდ სუიციდისკენ მიუთითებდა სხვა ვერსია არც გამოძიების დაწყებამდე და არც მის დამთავრებამდე არ არსებობდა. ჩემი მიზანი ამჯერად მხოლოდ ის იყო, გამეგო რატომ გადაწყვიტა ამის გაკეტება ქალმა, რომელიც არაფერს გააკეთებდა გაუაზრებლად, მითუმეტეს კი ასეთ რამეს.
სახლის დეტალურად დათვალიერების შემდეგ, სქელი ძველი ბლოკნოტი ვიპოვნე. გადავშალე და მწარედ გამეღიმა. დღიური იყო და პირველივე ფურცელზე ეწერა: “დღეს ჩემი მეთექვსმეტე დაბადების დღეა”. რაც იფიქრებდა ამ დროს, რომ ოდესმე ცხოვრებას ასე დაასრულებდა ვთქვი და ბლოკნოტი ჩანთაში ჩავიდე.
სახლში მისული ისევ გაიანეს დღიურს მივუბრუნდი. თვალი გადავავლე და როგორც აღმოჩნდა, ეს დღიური მოიცავდა საკმაოდ დიდ ინფორმაციას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მის ცხოვრებას 16 წლიდან დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაძუნწობას იჩენდა, ყველაფერი მნიშვნელოვანი ეწერა, თუნდაც ორი სამი წინადადებით. არეული ჩანაწერები იყო. იყო მომენტები, როდესაც ერთი ჩანაწერიდან მეორემდე თვეები იყო გასული, ან რამდენიმე წელი. როგორც გავიგე დედა 17 წლისას გარდაცვლოდა და უკრაინელ მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. უმეტესად დღიურში ცნობილი ფილოსოფოსებისა და მწერლების გამონათქვამები ეწერა. ყორადღება მიიქცია შემდეგმა ჩანაწერმა, რომელშიც როგორც დათარიღებიდან ჩანს 20 წლის იყო : ” დილაუთენია დაგვადგა დღეს თავზე კახა, გივის ძმაკაცი ( მამინაცვლის), ხელში არყის ბოთლით და ყურში სიგარეტით. ჩემი მოკლე შორტებითა და გამჭირვალე მაიკით სურვილებაღძრულმა გვიანღა შეამჩნია, მისკენ ზიზღის გამომხატველი ჩემი მზერა და მისაღებისაკენ წაბანცალდა. იდეალური დილის დასაწყისი იყო ვერაფერს იტყვი. გივიმ გამომძახა ჭიქები მოიტანე გოგოო და როგორც ჩვეოდათ, მეტად “საინტერესო” და “ზრდილობიანი” საუბარი დაიწყეს ძმაკაცებმა.მთელი არსებით მიკვირს, მხოლოდ ორი რამ, როგორ ცხოვრობდა დედაჩემი ამ კაცთან და როგორ შემიძლია დავიტიო ამდენი სიძულვილი მის მიმართ. ჭიქები მივუტანე და მაღაზიაში ჩავედი. სახლში, რომ ვბრუნდებოდი, წინ სამი გოგო მოდიოდა, გვერდით რომ გამიარეს, რადგანაც იმხელა ადგილი არ იყო, რომ ოთხივეს თავისუფლად გაგვევლო, ლამის კედელზე ამაკრეს და თამამი, გამომწვევი სიცილით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით გააგრძელეს გზა. იმ წამს შევიგრძენი სრულად ჩემი არარაობა, თუმცა ნიცშემ არ მაცადა ჩემი თავის შეცოდება და გონებაში ამომიტივტივდა ფრაზა ” მათ სიცილში ყინულია”, რამოდენიმე წამის შემდეგ უკვე ისინი მეცოდებოდნენ, საკუთარი თავის მაგივრად. ახლა როდესაც ამას ვწერ მეღიმება, ნიცშეს რომ არ დაეწერა ეს, ალბათ მე თვითონ მოვიფიქრებდი, რამენაირად რომ დამეიმედებინა ჩემი თავი და თვალები ამეხვია, არ დამენახა ის სინამდვილე, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს ახლა ისინი მეცოდებიან, ყველაფერს გავცემდი, რომ თუნდაც მათსავით შემეძლოს გაცინება და არა კედელზე აკრული დაჩაგრული გოგო ვიყო.”
ბლოკნოტში ამოხეული ფურცლები შევნიშნე, შემდეგი ჩანაწერი კი,  უკანასკნელიდან 5 წლის შემდეგ, ანუ როდესაც გაიანე უკვე 25 წლის იყო, იმ დროსაა დაწერილი. საუბარია შვილზე, რომელიც ინკლუზიურ ბავშვთა სახლში ჰყოლია. ამ ამბავმა შემძრა. გაიანე ყვებოდა, რომ აბსოლიტურად ყველაფერი უნდა დაევიწყებინა, შვილის გარდა. უნდა დაევიწყებინა წარსული, მკვდარი დედაც და მისი შვილის მამაც, რომლის გახსენებაც გულს ურევდა. შვილის დავიწყების უფლება კი უბრალოდ არ ჰქონდა, ამას ვერ შეძლებდა. ამის მერე იყო სულ ბოლო ჩანაწერი, დაახლოებიტ სამი კვირის წინანდელი, სადაც წერდა, რომ თუკი არსებობს ღმერთი, იგი ყველაზე იჰიდნური არსება ყოფილა. “მე ვაპირებ სრულ პოსტმოდერნიზაციას… 2 კვირით. მერე კი, მერე კი გავიგებ არის თუ არა ღმერთი და  როგორია ის. საინატერესოა, მან მე ყველაფერი მომცა იმისათვის, რომ ჩემი სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულო. მან იცის ისიც, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ვცდილობ ეს არ გავაკეთო და ყველაფერი დავივიწყო, რაც ასე ძლიერ მიბიძგებს სუიციდისკენ. მან კი მე არ მომცა ძალა, იმის, რომ ეს დავივიწყო და თუ განუზომლად დიდია მისი ძალა, თუ მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას დამავიწყოს ეს ყველაფერი და მას უყვარს ხალხი, რატომ არ უდნა აკეთებდეს ამას ჩემთვის… სისულელეა, ისევ და ისევ, საკუთარ იჰიდნურობას ამტკიცებს. “შეჭმარიტად, ადამიანი ბინუძრი მდინარეა. ჭეშმარიტად, ზღვა უდნა უნდა იყო, ბინძური მდინარე შეიერთო და არ წაიბილწოო”. ცხოვრებაში, უამრავჯერ შევიერთე ეს ბინძური მდინარე, ბუნძური ხალხი, ბინძური სისხლიც კი, რომლის სუნიც ახლაც მცემს საკუთარი ხელებიდან, საკუთარი სხეულიდან. ვკითხულობ, სად არის ღმერთის განუზომელი ძალა, როდესაც იცის, რომ მე არ ვიყავი დამნაშავე მკვლელობაში, მაგრამ ამ გრძნობას არ მაშორებს… ვფიქრობ,ცოტახნით ვიცხოვრებ, ვიცხოვრებ რადგანაც მაქვს უფლება ამის, ვიცხოვრებ იმ მოგონებების გარეშე, რაც მეგონა მოვიშორე და დავივიწყე, მაგრამ შვილის სიკვდილმა კვლავ გამახსენა, კვლავ გამახსენა უფლის “კეთილმა” ნებამ. შვილის, რომლის მამაც ჩემი მამინაცვალია, შვილის, რომლის დანახვაზეც თავდაპირველად მუდამ ტკივილს ვგრძნობდი, ფიზიკურ ტკივილს, როგორც მაშინ, იმ საღამოს… ის, რომ ძალადობით ისახებოდა, იმ საღამოს მისი მამის უკანასკნელი ხმაურიანი ამოსუნთქვა რომ მედგა ყურებში, იმ საღამოს, ჩემი გაუბედურებული ცხოვრება კიდევ უფრო რომ გაუბედურდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ის ისეთი უბოროტო იყო, მაკვირვებდა კიდეც. დაუნის სინდრომით დაიბადა და როდესაც მას ვუყურებდი, ვგრძნოდი ასე ჯობდა, რადგანაც ის ვერასოდეს ჩაწვდებოდა ამ ცხოვრების სიმწარესა და უსამართლობაც, არასოდეს ავუხსნიდი ვინ იყო მამამისი და არ მომიწევდა ამის შესახებ ტყუილების გამოგონება. ბავშვთა სახლში იზრდებოდა და ერთი სული მქოდნა როდის ვნახავდი ხოლმე, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. წყნარი ცხოვრება მქონდა და მივიჩნევდი, რაც ცუდი უნდა მომხდარიყო, ყველაფერი უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და შემეძლო მოგონებებისა და შიშის გარეშე მეცხოვრა. თუმცა არა, არ დამცალდა. შვილი მომიკვდა, მომიკვდა და ყველაფერი გამახსენდა, რის დავიწყებასაც ამდენ ხანს ვცდილობდი და მეგონა გამომივიდა. მთელი ცხოვრება არავისთვის არაფერი დამიშავებია, არ მინდოდა ადამიანების სიძულვილი გამჯდარიყო ჩემში, არ მინდოდა ცხოვრების მწარე გაკვეთილებს წავებილწე, თუმცა ალბათ ვერ აღმოვჩნდი “ზღვა”, რომ ამდენი “ბინძური მდინარე შემეერთებინა”  და მაინც ისეთი დავრჩენილიყავი, როოგრიც ადრე ვიყავი, იმდენად ადრე, აღარც კი მახსოვს…. ორი კვირა ვიცხოვრებ და მერე პირადად გაგეცნობი ალბათ თუ არსებობ, მე არ მექნება სინანული, მე არ ვიტირებ და უბრალოდ წარვსდგები შენს წინაშე ქალი, რომელმაც მაქსიმალური გადაიტანა; ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ტანჯე; ქალი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა; ქალი, რომლის სულიც იმაზე ადრე მოკვდა, ვიდრე სხეული და მას აღარაფრის ეშინია… ”
____________________________________
ღამე მწუხარებამ გამაღვიძა. ვერაადავერ დავიძინე. გული საშინლად მტკიოდა. ვფიქრობდი გაიანეს ტრაგიკულ ცხოვრებაზე და ვერავითარ დასკვნებს ვერ ვაკეთებდი. ვფიქრობდი, როგორ შეეძლო დაეტია ამ ერთი შეხედვით დაუცველ, სიფრიფანა ქალს ამდენი. რა განუზომლად დიდი იყო ადამიანთა ვერაგობა და გამახსენდა ნიცშეს, გაიანეს ნიცშეს ნათქვამი, რომ “ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია.”, მაგრამ ღმერთი, ნუთუ… ნუთუ, “ღმერთი მოკვდა” ?…

 
Leave a comment

Posted by on November 15, 2014 in Uncategorized

 

Tags: , , , ,

ამბავი,რომელიც მეგობარს შეემთხვა

-ნეტავ რას მეტყვიან?- ვფიქრობ ჩემთვის და ფანჯრიდან გადავყურებ ნაცრისფერ, უღიმღამო საღამოს.
საოცრად კომფორტულად ვარ. ხელში ცხელი ჩაი მიჭირავს და ვფიქრობ ყველაფერზე, რაც კი გამახსენდება.
თუმცა, არც ერთ თემას არ ვუღრმავდები. ისე ვფიქრობ, გასართობად და არა ფილოსოფიურად.
ყველაზე მეტად რაზეც არ მინდა დავფიქრდე, ეს პირადი ცხოვრებაა. იქ სრული არეულობაა და ვფიქრობ ამის მოყოლა თქვეთან
არც საინტერესო იქნება და არც მიზანშეწონილი.
ალბატ, სწორედ ამიტომ სხვის ცხოვრებაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ზოგს ვალამაზებ, ზოგს ვიგონებ და შემდეგ ისევ და ისევ თქვენ გიყვებით. ბევრად უფრო საინტერესოს ვიდრე ეს ჩემი ცხოვრებაა, ან ვიდრე ეს რეალურადაა.
მოთხოვნადი მწერალი ვარ, უფრო სწორად მოდური. ამით ბედნიერი ვართქო ვერ ვიტყვი, ვიცი ჩემი წიგნები რამოდენიმე ათეულ წელს გაუძლებენ და შემდეგ ისევე უკვალოდ გაქრებიან, როგორც მისი შემქმნელი ანუ მე.
ჰო,ვიცი გიკვირთ სადაა ის ამბიციურობა, რაც მწერალს თან უნდა ახლდეს, თუმცა სამყაროსთვის რაიმე დიდებულისთვის შექმნაზე მას შემდეგ ჩავიქნიე ხელი, რაც სრულიად იაფასიანი მოთხრობებისთვის იმხელა ჰონორარს ვირებდი, რომ ბალზაკსაც კი შეშურდებოდა.
თუმცა, შეიძლება ეს თავისმართლებაა და მე უბრალოდ არ შემიძია ვიყო ახალი საოცრება, სიკვდილის შემდეგ აღიარებული და საუკუნეების განმავლობაში გენიოსად ცნობილი.
რას ვიზავთ,ყოველს ჰონორარზე მირჩევნია ფული მაშინვე დავხარჯო, ვიდრე გეგმაზომიერად გამოვიყენო, ბოლოსდაბოლოს იქნებ ხვალ არც ვიყო.
დღეს ჩემი წიგნის პრეზენტაცია იყო.
ხალხი აღფრთოვანებული თვალებით მიყურებდა, თითქოს მათ თვალწინ ვინმე არაამქვეყნიური ყოფილიყო.
განსაკუთრებით იმათზე მეცინება, ვინც საოცარი ინტერესით მიყურებს, როდესაც მე ვლაპარაკობ წიგნში აღწერილ ისეთ “გადაუჭრელ” საკითხებზე, როგორებიცაა დაქალი თუ შეყვარებული, გუჩი თუ შანელი, წვეულება თუ პიკნიკი და ამ დროს ფიქრებით სულ სხვაგან არიან, შესაძლოა ჩემი გამჭირვალე პერანგის აქეთაც.
ამ მეტად “ფილოსოფიური” ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია.
ჩემი მეგობარი იყო მეგი. ერთი რიგითი გაუბედურებული ქალი, რომელიც ამ უბედურებას იდილიას უწოდებს და თავი სამყაროს ცენტრი გონია. თუცმა დაღლილი, დანაოჭებული სახე სულ სხვას მეტყველებს.
საშინელი საუბარი აქვს. იმდენად ჭყივის  ყურმილში, რომ ნათქვამი სულ არ გაინტერესებს, ოღონდ გააჩუმო. რაღაც ამბებს მიედ-მოედება, ბოლოს კი გესლიანად კითხულობს:”ო, ძვირფასო, სულ მიკვირდა მწერლებზე, ამდენი საინტერესო რამ ყოველთვის მათ რატომ გადახდებოდა თავს, ახლა კი ყველაფერს მივხვდი. ეს ყველაფერი მხოლოდ წარმოსახვა ყოფილა”. თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გამეცინა. მივხვდი ნაწყენი იყო, წიგნში რომ ჩვენს საერთო მეგობარზე ბევრად მეტი მეწერა,(რაღათქმა უნდა ბევრი გაზვიადებითაც )  ვიდრე მასზე, თუმცა ამისთვის თავის მართლებას არ ვაპირებდი, უბრალოდ , მოვუჭერი სიტყვა და დავემშვიდობე.
მისმა უტვინობამ დიდად ჩამაფიქრა. მაინც რას ფიქრობდა?! რა უდნა დამეწერა მასზე?!
მისი, როგორც თვითონ იტყოდა “ოჯახური იდილია” ?! უფრო კონკრეტულად კი ის, რომ ქმარი ღამე გვიან ბრუნდება, ბავშვები ყვირიან, თითონ ერთი ხელით საჭმელს აკეთებს, მეორეთი სახლს ალაგებს, მესამეთი- ბავშვს უცვლის, მეოთხეთი -ნაგავს ყრის და ასე… ასობით ხელი აქვს გამობმული. ოჰ, ოჯახური იდილია, მართლაც რომ კარგია, მაგრამ გმადლობთ! ჩემთვის არ მემეტება !
ახლა გავდივარ. შეყვარებულს უნდა შევხვდე, უბრალოდ იმის თქმა  მინდოდა, რომ დაკმაყოფილდით იმით რასაც თქვენთვის იმეტებენ, ან თვითონ შექმენით რამე.
თუმცა არ ვიცი, ჩემი ცხოვრება ერთი დიდი მადრიგალია. ასე რომ არ არის გამორიცხული ერთ დღესაც დახლზე შეგხვდეთ წიგნი, სადაც აღწერილი იქნება ყოველდღიური დამღლელი ამბები ას ხელიან დიასახლისზე, სინამდვილეში ყოვლად უინტერესო და უაზრო,
სათაურით “ამბავი,რომელიც ჩემს მეგობარს შეემთხვა”.

 
2 Comments

Posted by on October 21, 2013 in Uncategorized

 

Tags: , , , , , , ,

სუფთა დაფა

“_გადი გთხოვ, გადი… _ თვალებში სევდა დასტყობია, წვალობს და მეც მაწვალებს.
_არ ვიცი, ვერაფერს ვიფიქრებ. ცოტას დამაცადე..”

-ჰეი! გამოაფხიზლეთ ეგ!
გვერდით მდგომი მხარს მკრავს.
-მიდი, შენი ჯერია.
ვენაში გრილი სითხე  შედის. წამის შემდეგ ისევ იქ ვარ.

“_თვალი გადაავლე!_უკვე სიმკაცრე ეტყობა ხმაში_ ყველა რაღაცას წერს. ერთი მაინც მოიფიქრე,ის მოწყალეა და გადაგარჩენს.

_ჩემი დაფა რომელია?
_მერვე.
ოთახში ოცამდე დაფა იდგა. მეშვიდესთან ბერი იდგა.
_ესეც, კიდევ.. კიდევ ის ამბავი_ბუტბუტებდა და დაფას ავსებდა.
_ეს წაშალე!_მკაცრად ეუბნება გვერდით მდგომი თეთრებში გამოწყობილი კაცი.
ბერმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.”

_შენ რა გჭირს?_მეკითხება ვალერი.
_არაფერი!
_ხვალ, ხომ იცი საქმე უკვე მოგვარებული უნდა იყოს, როგორც შეგვითანხმდნენ ნახევარი ჩვენი იქნება-ამბობს სავარძელში მოკალათებული ზურა.
ყველა ერთხმად აყაყანდა, თუმცა მე მათი აღარ მესმოდა.

“_გამახსენდა! ის ამბავი ბავშვს რომ დავეხმარე დედის პოვნაში!
_არა_ სევდიანად თქვა ჩემს გვერდით მდგომმა_თვითონაც იცი ამას ანგარებით აკეთებდი.
_კარგი, კიდევ დავფიქრდები_ ვამბობ უკმაყოფილოდ.”

_რამდენი ხანს გეძინა?!
_რამდენი?_გაკვირვებული ვკითხულობ.
_მთელი ღამე და დღე!
_რა? რომელი საათია?
_შვიდი.
_რატომ არ გამაღვიძე?!_ჩხუბზე გადავდივარ. ვიცი ის არაფერ შუაშია,მაგრამ მაინც ვერ ვჩერდები… ვყვირი, ვილანძღები, ხელებს ვიქნევ.
_____________________________________________

_სად ხარ ამდენ ხანს?!_მსაყვედურობენ ბიჭები._უკვე უშენოდ ვიწყებდით ყველაფერს.
_გეყოფათ!  როდის უდნა შევიდე?
_10 წუთში.
_კარგი!
ყველაზე მეტად ამ საქმის დასრულება მეჩქარებოდა. მთელი ორი დღეა გათიშული ვარ. თან, თან ეს რაღაც სიზმრის მაგვარი ხილვები…
_შედი!_მანიშნებენ და მეც ნელა მივუყვები კიბეებს.როგორ აღმოვჩნდი აბაზანაში მე თვითონაც ვერ გავაანალიზე.

“_გამახსენდა!_საოცარმა სიხარულმა შემიპყრო,მიკვირდა როგორ გავიხსენე 35წლის წინ მომხდარი ამბავი_მაშინ 12-13 წლის ვიყავი,ჩვენს სოფელში ქალაქელი ბიჭი იყო ჩამოსული,მდინარეში იხრჩობოდა და მე გადავარჩნე!
_მადლობა ღმერთს!_გადი დაწერე, დროზე გადი! გახარებულ ანგელოზს თვალები უბრწყინავს.
დაფასთან ვარ ცარცს ვიღებ… “

აბაზანაში ჩემი ასაკის ბიზნესმენი წევს. შოკშია. იარაღი მაქვს დამიზნებული.
_საიდანღაც მეცნობა_გამიელვა გონებაში_ჯანდაბა,ამის დრო არ არის_ სწრაფად ვიშორებ ფიქრებს და სასხლეტს ხელს გამოვკრავ.

დაფასთან ვარ, ცარცი ავიღე. ვცდილობ დავწერო თუმცა იგი ნელ-ნელა სისხლისგან წითლდება და იშლება.
ხელზე წითელი ბლანტი სითხე შემრჩა.
_სად ხარ?_ვეძებ მფარველ ანგელოზს.
ის ოთახის კუთხელი დგას და  ჩუმად ტირის.
_რა მოხდა?
_შენ ის ბიჭი მოკალი.
ის კაცი სწორედ ის იყო, ჩვენი ერთადერთი იმედი. შენ ერთადერთი მადლი._ თვალებს დაბლა ხრის.
ოთახში ორი კაცი შემოდის, ბნელი გასასვლელისკენ მიმითითებენ”

სასწრაფო დახმარების და პოლიციის სირენების ხმა ერთმენეთში ირევა.ამას ემატება ხალხის ყვირილი, კივილი, ღრიალი, კივილი.
გულიდან სისხლი გადმომდი.
ნინო ჩემთანაა.
_არ მოკვდე გთხოვ!
_ვერფერი ვერ დავწერე, ვერაფერი.. სუფთაა დაფა, სუფთა!
არ მინდა სიბნელეში!_ ვბუტბუტებ და ბნელ გასასვლელს მივუყვები.

 
Leave a comment

Posted by on October 18, 2013 in Uncategorized

 

Tags: , , ,

ცხოვრების დინამიკა.გადაწყვეტილებები

“ცხოვრება… უბრალოდ მეტად გადატვირთულია სიურპრიზებით”
                                                     ინგლისელი ისტორიკოსი ევანსი.

მუდმივი ფიქრები, ფიქრები, ფიქრები…
 ცდილობ წარსულის გახსენებას, აწმყოში გარკვევას და მომავლის განჭვრეტას.
 აკეთებ არჩევანს, ბევრ რამეს წონი, შემდეგ გადაწონი, ბოლოს შეასრულებ ან
მომავლისთვის გადადებ.
 თავიდან ცხოვრება თამაში გგონია, ფიქრობ რომ თითოეული დეტალი უმნიშვნელო
ლაქად დაემჩნევა ცხოვრების გზას.
 მხოლოდ გარკვეული დისტანციის შემდეგ გრძნობ თუ რამდენი რამ მომხდარა,
რამდენჯერ შეცდი,რამდენი დაგიკარგავს…

 გრძნობ,ხვდები და გიკვირს თვითონაც, ამას როგორ გაუძელი, სად იპოვე იმ დროს
ასეთი ძალა, საიდან გქონდა ამდენი მხნეობა.
 ფიქრებით დაღლილი, უკანასკნელ ძალას მოიკრებ, გონებას აიძულებ იფიქროს და
გულს კიდევ-გაუძლოს.
 ფიქრებით დაიწყებ იმის განსაზღვრას,თუ როგორ უნდა მოიქცე უკეთესი მომავლისთვის.
 იღებ სასწორს, რომელის ციფრებიც შენს ღირსებებს განასახიერებს, შენი კრიტერიუმებითაა
შექმნილი და შენ გეკუთვნის.
 ამ დროს შიშ გეხსნება,მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს_სრული პოსტმოდერნიზაცია!!!
 ფიქრებში ხდები საოცრად დინამიური,ეგზისტენციალური,ესთეტიკური ორატორი და
ჯაჭვებად გადაბმულ აზრებს დაუღლელად აყოლებ გონებას.
სადღაც უსასრულობაში იკარგები.
 გრძნობ გასაყარზე ხარ, თუმცა რისი ვერ ხვდები:იქნებ ცხოვრების და ჯოჯოხეთის,
ცხოვრების და სამოთხის,ან თუნდაც ჯოჯოხეთის და სამოთხის.

 ამ დროს გადაწყვეტილება უფრო გაღელვებს, ვიდრე მისი მართობულობა.
გონებაში გიტივტივებს ფრაზა:_”კარიმარი, კარიმარა” და მთელი არსებით მოძრაობას
ამჯობინებ.
    “ცხოვრება ნაკლებად ზრუნავს იმაზე,რომ ყოველი დღე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან”
ამას თვითონ ადამიანები ახერხებენ, მხოლოდ და მხოლოდ დინამიური, მოდერნიზებული ადამიანები.

 
Leave a comment

Posted by on October 10, 2013 in Uncategorized

 

Tags: , , , , , , , , , ,

სხეული (ეს ხე ეული)

 
Leave a comment

Posted by on September 28, 2013 in Uncategorized

 

“გადაუყვარებლად მიყვარხარ”

2013წლის 15სექტემბერს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში” ჩატარდა პოეზიის საღამო “გადაუყვარებლად მიყვარხარ”.
თავიდან,როდესაც პოეტებს შევთავაზე ,გაგვეკეთებინა ეს საღამო,დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ იდეას და შედეგმაც არ დააყოვნა.
ჩემთვის იყო პირველი პოეზიის საღამო,ისევე როგორც რამოდენიმე პოეტისთვის,მაგრამ საერთო ჯამში ყველა ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები წავიდა.
საღამოს ორგანიზება გაუკეთეს ლუკა შერმადინმა და გიორგი გოგინაშვილმა.

მონაწილეობდნენ:  ზაზა მუხიგულაშვილი
                                ლუკა შერმადინი
                                შაკო ბერიანიძე
                                ბექა სულაბერიძე 
                                ნია ტვილდიანი
                                თორნიკე ქიტუაშვილი
                                მარი ხახვიაშვილი
                                თათია მუხიგულაშვილი

მხარდამჭერები : არასამთავრობო ორგანიზაცია “ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი”.
                            rain.ge

თავიდან,მახსოვს რომ ძალიან ვნერვიულობდი,როგორცმერე გავარკვიე მუსიკის ნუმერაცია არ ქონდათ დალაგებული.
თუმცა მერე ყველაფერი კარგად წავიდა. დასაწყისში ცოტას ღელავდნენ.შემდეგ დარბაზიდანაც დადებითი ემოცია და  აპლოდისმენტები მოდიოდა და დაწყნარებულ-დამშვიდებულ-გაღიმებულმა განაგრძეს ძალიან კარგად.
თუმცა სანამ დაიწყებოდა მე და გიორგი ცოტას ვმაიმუნობდით და ეკრანზე ფონად ჩვენი სახელები დავაყენეთ (რავიცი,ჩვენ ძალიან მოგვეწონა, ორიგინალური იყო ძალიან 🙂 )

მოკლედ,რაც არ უნდა იყოს,ეს საღამო გამოვიდა და თან ძალიან კარგად.
იმედია,კიდევ ხშირად მომიწევს მოვაწყო ასეთი საღამოები ❤
მომავალ პოსტამდე ❤

 
Leave a comment

Posted by on September 16, 2013 in Uncategorized

 

ავღანეთი და ავღანელები (+ფოტომასალა)

საქართველო და ავღანეთი სამშვიდობო მისიით უკვე საკმაოდ დიდი ხანია,რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული .
გადის წლები.თითოეულ მოქალაქეს გვაიმედებენ,რომ ამ ყველაფრით დიდი საქმე კეთდება ქვეყნისათვის,მაგრამ რაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს და მტკივნეულია ყველასათვის,ეს იმ დაღუპულთა სიაა,რომელიც ყოველწელს იზრდება ქართველი (და არამხოლოდ ქართველი) სამხედროებით.
მაშინ,როდესაც პოლიტიკოსები,პოლიტოლოგები (და ყველა ვისაც არ ეზარება) ამ მისიის უპირატესობასა და წარმატებებზე საუბრობენ,მართავენ შეხვედრებს და ტელეეკრანებიდან ხელოვნური ღიმილით გვაიმედებენ,იზრდება იმ ოჯახების რიცხვი,სადაც სურათზე გამოსახული ჯარისკაცის წინ სანთელს ანთებენ.
 დაიწერა სტატიები,პოსტები,გულწრფელი მისამძიმრებები და ახლა უკვე წიგნიც,რომელიც ზოგს ნუგეშს მატებს,ზოგს კი შეუხორცებელ ჭრილობებს უფრო უმძაფრებს.
 თუმცა სიმართლე გითხრათ,ამ ფოტოების ხილვისას ისევე შემძრა იმ ხალხის,და უმეტესად ბავშვების ბედმა(უფრო სწორად კი უბედობამ),როგორც ქართველი ჯარისკაცებისამ.
 Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

 
Leave a comment

Posted by on August 10, 2013 in Uncategorized

 

Tags: , , ,

უსათაურო

ყოველი პოსტის დაწერის წინ ვფიქრობ რა უნდა დავწერო ისეთი რაც სხვას უკვე არ დაუწერია,რასაც სხვა ვერ დაწერს,რაც ვინმესთვის საჭირო იქნება.
თუმცა როგორც ერთხელ “ტკბილმა დემ” მითხრა შენი ნათქვამ-დაწერილი სულ სხვააო ❤
ამ წამებშიც კი დიდი ომი მისი ჩემს თავსა და მეორე ჩემს თავს შორის.
დავწერო?არ დავწერო?
ბოლოს კი დასკვნა,დავწერ იქნებ ცოტამ წაიკითხოს,ან იქნებ არც არავინ წაიკითხოს.
გუშინ ღამე სულ არ მახსოვდა რომ ჩემი დაბადების დღე იყო და არც ღამის თორმეტ საათს დავლოდებივარ,ასე რომ მოსული ესემესები დილის 10 საათზე ვნახე,რითაც მივხვდი,რომ უკვე შემეძლო “ბლატაობა” დამეწყო დაქალებთან,რაცას უკვე წარმატებით შევუდექი.
წინა წლებში სულ ვფიქრობდი რომ ვიზრდებოდი,ახალი პასუხისმგებლობები მემატებოდა და ასე შემდეგ,წელს კიდევ პირიქით, მივხვდი რომ საკმაოდ პატარა ავრ,ბევრი რამ მეპატიება,შეიძლება ბერვ რამეს ყურადღება არ მივაქციო და ყოველთვის ბედნიერი ვიყო,მაშინაც კი როდესაც 8 საგანში გამოცდა მაქვს და არც ერთისათვის არ ვაპირებ მომზადებას 🙂
ფ.ბ_ში შესუუულ  ბევრი მოლოცვა დამხვდა,მაგრამ არსებობენ ადამიანები ,რომლების მონაწერზე,რაც არ უდნა ბანალურად იყოს ეს,მაინც ყველაზე მეტად მაგარ ხასიათზე დგები,
მაგრამ ყველაზე შოკი მაინც ერთი გოგოს მონაწერი იყო,დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ხშირად ვცდები ადამიანების შეფასებისას,რადგანაც ბევრი არც ისე “ცუდია” როგორც მგონია.
კიდევ თურმე იმდენს ვახსოვარ ,რამდენიც მე სუულ არ მახსოვს ..
ეს რავიცი კარგია?
მოოკლედ დილიდანვე კარგ ხასიათზე ვარ და ეს ჩემი “ფრენდების” დამსახურებაა.
დღის გეგმაში კი მრავალჯერ აღებული  ციხესიმაგრის  აღება გვაქვს ❤
პ.ს “სურათების დადება და რარაცეები მეზარება.
მოკლედ,ამ ვითომ პოსტს ვაქვეყნებ :დ :დ

 
2 Comments

Posted by on June 1, 2013 in Uncategorized

 

შეცვლილი_შეხედულებები,ადამიანები,ცხოვრება


საოცარია,რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი.
ერთ დროს გასაგები, გაუგებარი და ამოუცნობი გახდეს.ყველაზე ახლო_ყველაზე შორეული. ყველაზე აუცილებელი_საერთოდ არასაჭირო.
რა სწრაფად შეიძლება შეგეცვალოს შეხედულებები ყველაფერზე და ამის მიზეზი თუნდაც ერთი ფრაზა,სიტყვა თუ შემოხედვა გახდეს.
ნათქვამია”ადამიანები კი არ იცვლებიან,მჟღავდებიანო”_იქნებ ასეცაა.
ჩვენ ჩვენ თავში ვაყალიბებთ ჩვენებურ “მე”-ს,თავისი ვალდებულებებითა და შემოსაზღვრული “ოცნება_ფიქრებით”,თუმცა საკმარისია აღმოჩნდე ისეთ გარემოში,ან უბრალოდ ჩაფიქრდე,რომ მიხვდები შენ ის არ ხარ, ვინც შენ გეგონა,ვინც სხვას ეგონე და საერთოდ როგორსაც გხედავენ.
ერთ წამში შეიძლება იგრძნო,რომ ის რასაც ამდენი ხანი დაუფიქრებლად წარმოთქვავდი შენ თუ გარშემომყოფები რამხელა მნიშვნელობის მატარებელია და როგორი გაუფასურებული ახლა.
ან რასაც ამდენი ხანი “აკოწიწებდი” როგორი უმნიშვნელო და უფასურია.
ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს შენს ხედვასთან ერთად მთელი ქვეყანა,ხალხი,მსოფლიო.
ერთი კომენტარით შეიძლება მოგინდეს პოსტის დაწერა,(თუნდაც ჯერ არ იცოდე რა თემატიკაზე)სულ ერთი თბილი სიტყვის გამო,თუნდაც უცნობი ადამიანისგან.
უბრალოდ ამ ერთ წამს წინ უძღვის დრო,ხანდახან მცირე,ხანდახან დიდი და ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც.
შენ ერთ თბილ სიტყვას,საქციელს თუ რჩევას კი გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია,ვიდრე ამას თავად წარმოიდგენ.

 
2 Comments

Posted by on May 5, 2013 in Uncategorized

 

Tags: , , ,